გვარის შესახებ
მაჭარაშვილები
მაჭარი — ახალი ღვინო (საბა). მაჭარა — ძველი ქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელი კაცისა.
გვარის სახელით „მაჭარ“ — ფუძისანი არიან: მაჭარაძენი და მაჭარაშვილნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდგენილობით ერთსისხლნი.
საისტორიო საბუთებში
ქართულ საისტორიო საბუთებში მაჭარაშვილთა გვარი XVI საუკუნიდან ხსენდება.
1588 წლის ნიკოლოზ ქართლის კათალიკოსის ერთ წყალობის სიგელში სამცხეთო აზნაურის ელიოზისძისადმი, სოფელ ბარაუნში იხსენიება გლეხი ბორჯალა მაჭარაშვილი (ხელნაწერთა ინსტიტუტი, Hd-2526). სოფელი ბარაუნი დღეს აღარ არსებობს. სავარაუდოა, რომ ეს სოფელი აღმოსავლეთ აქართველოში მდებარეობდა. ამჟამად ქართლში, ქსნის ხეობაში შემორჩნენ მაჭარაშვილნი. მათი გვარი ქსანზე ძირძველ, მკვიდრ გვარად ითვლება, ხოლო კასპის რაიონის სოფლებში ჩასახლებულ ქსნისხეველ მაჭარაშვილებს „მთიულებს“ უწოდებენ დღესაც.
XVII საუკუნიდან მაჭარაშვილთა გვარი ზემო იმერეთში ჩანს. ამ საუკუნის მიწურულს თავადმა ზაალ წერეთელმა ნასხაშვილისეული მამული უბოძა მაჭარაშვილს ლაზარეს. სიგელის ბოლოში სწერია:
„არიან ამისი მოწამე აზნაურიშვილები: ბედანა გოდაბრელიძე, შოშიტა ცამაკურიძე, მაჭარაშვილი შოშიტა, მკერვალი პაპუნა კაპანაძე“
ხელნაწერთა ინსტიტუტი, Sd-1171
ამავე ზაალ წერეთელმა ლაზარე მაჭარაშვილს თარხნობის წიგნიც დაუწერა (დ. გვრიტიშვილი, მასალები ქართველი გლეხობის ისტორიისათვის, თბ. 1979, გვ. 84).
1722 წლის საბუთით თავად წერეთელს ვალადებულს, ლაზარე მაჭარაშვილისათვის ბიჭი (მსახური) მიუცია (ხელნაწერთა ინსტიტუტი, Sd-1173), იმავე წლის სხვა საბუთით, იგივე თავადი მაჭარაშვილს დათუას ვალის სანაცვლოდ მამულს აძლევს (ხელნაწერთა ინსტიტუტი, Sd-1198).
1747 წლის ნასყიდობის წიგნის მიხედვით, მაჭარაშვილი დათუა ბატონის შვილს ნიკოლოზს მიჰყიდის სისხლში აღებულს ესტატე ღვინიაშვილს მისი ძმით და შვილებით (ხელნაწერთა ინსტიტუტი, Sd-1201).
1804 წლის ზემო იმერეთის მოსახლეობის, რუსთა მეფისადმი ერთგულებაზე მასობრივი, ძალდატანებითი დაფიცების ერთ საბუთში, სოფელ კორბოულში ჩამოთვლილია მაჭარაშვილთა 34 ოჯახი (ისინი მაჭაროვებად ჩაუწერიათ), ამათგან ერთი — გიორგი მაჭარაშვილი, მღვდელი ყოფილა და ერთიც — მამუკა მაჭარაშვილი, კორბოულის მამასახლისი (ხელნაწერთა ინსტიტუტი, Sd-2322).
ადრევე დაწყებულა იმერელ მაჭარაშვილთა დამკვიდრება შიდა ქართლში.
ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა მაჭარაშვილთა გვარის სახელი ხაშურ-ქარელის მხარეში: მაჭარაანი — უბანი სოფელ წაღვლში, მაჭარაანთწყარო და მაჭარაშვილების ტყე — სოფელ შაქშაქეთში (ალ. ღლონტი, ფრონეების ხეობების ტოპონიმია, თბ. 1988, გვ. 56).
XX საუკუნის დამდეგს ხაშურის მხარის სოფელ ვაყას მამასახლისად ჩანს ნიკოლოზ მაჭარაშვილი (ტფილისის გუბერნიის სტატისტიკურ მონაცემთა კრებული, (რუს.) ტფ. 1903, გვ. 10). აგრეთვე იმერეთში კორბოულელი მღვდელი ვლადიმერ მაჭარაშვილი და გუნდაეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი სერგი მაჭარაშვილი (ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-1636: 18, 19, 22, 33, 42).
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის, მაჭარაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ, ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოებში.
დღეს
ამჟამად მაჭარაშვილები ცხოვრობენ: ზემო იმერეთში, გურიაში, სამცხეში, შიდა და ქვემო ქართლში, შიგნით კახეთში და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: საჩხერის, ჭიათურის, ლაგოდეხის, ხაშურის, ადიგენის და კასპის რაიონებში.
თბილისში ამერ-იმერი მაჭარაშვილების დაახლოებით სამასი კომლი ცხოვრობს.
საქართველოში მაჭარაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა ცხრაათას ას სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი მაჭარაშვილთა.
